სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს არც უარყო და არც დაადასტურა, რომ სიუნიქის გზის [რომელსაც „ტრამპის გზა“ ეწოდება] ამოქმედების შემდეგ, აზერბაიჯანი იარაღისა და ჯარების ნახიჩევანში გადაადგილებას შეძლებს.
ნიკოლ ფაშინიანმა ამავდროულად ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად, გზების ფუნქციონირების დეტალები ჯერ არ არის შეთანხმებული, თუმცა მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტა ორმხრივი ურთიერთშეთანხმების პრინციპს დაეფუძნება.
„თუ სომხეთზე რაიმე პირობა ვრცელდება, ეს პირობა აზერბაიჯანზეც ვრცელდება. „ჩვენ თვითონ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: გვინდა თუ არა, რომ ჩვენმა იარაღმა და ჯარმა ნახიჩევანის გავლით გაიაროს? გვინდა თუ არა ეს? რადგან ჩვენს რეალობაში პრობლემაა: ჩვენ გამუდმებით სხვებზე ვსაუბრობთ, მაგრამ საკუთარ თავზე არ ვსაუბრობთ. თუ გადავწყვეტთ, რომ გვსურს იარაღის გადატანა ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით მეღრში და უკან, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხებზე. თუ გადავწყვეტთ, რომ არ გვინდა იარაღის ნახიჩევანის ტერიტორიიდან სიუნიუქის მიმართულებით რკინიგზით და უკან გადატანა, მაშინ შესაბამის პოზიციას დავიკავებთ,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვასთან და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა განიხილებოდეს ხუთი პრინციპის - სუვერენიტეტის, იურისდიქციის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში.