პუტინის ადმინისტრაცია დატოვა ომის მოწინააღმდეგედ მიჩნეულმა მაღალჩინოსანმა - მედია

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 17 სექტემბერს, RBC-მ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა.


ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კოზაკი „განიხილავს სხვადასხვა შეთავაზებას ბიზნესში გადასვლის შესახებ.“

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 18 სექტემბერს დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოზაკმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა. პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ კოზაკი თანამდებობიდან თავისი სურვილით გადადგა. პუტინის პრესმდივნის ინფორმაციით, თანამდებობიდან კოზაკის გათავისუფლების ოფიციალური ბრძანება ჯერ არ გამოქვეყნებულა.


დიმიტრი კოზაკი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის თანამშრომელია. ისინი ერთად მუშაობდნენ სანქტ-პეტერბურგის მერის ადმინისტრაციაში - 1990-იან წლებში. პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2000 წელს, კოზაკი ჯერ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი, ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე გახდა.

2004 წელს ის მთავრობაში გადავიდა, ხოლო 2020 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბრუნდა.


აგვისტოში, The New York Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი კოზაკმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისგან პუტინის გადარწმუნება სცადა, ხოლო 2025 წელს შესთავაზა მას უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.


Reuters-ის ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას, კოზაკმა მოამზადა წინასწარი შეთანხმება უკრაინასთან, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა NATO-ში არ გაწევრიანდებოდა, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა უარყო შეთანხმება. დმიტრი კოზაკი იმ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა, რომლებიც ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ არიან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო.


ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, კოზაკსა და პუტინს შორის უთანხმოების შესახებ არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ კოზაკი თანამდებობას ჩამოაშორა პირადად ვლადიმერ პუტინმა, ან კრემლში ისეთმა გავლენიანმა პირმა, როგორიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკოა, ან მას საკუთარი სურვილით გადადგომისკენ უბიძგეს.