პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალკვაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული. ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, ვინაიდან, ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ გააკეთოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებების სახით უკვე არის გაკეთებული.
ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით მხარდამჭერების არჩევანს. რა თქმა უნდა, შეთანხმება შესაძლებელი არის მხოლოდ სამართლიან პირობებზე“,- განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ დარჩა საკითხები, რომლებიც პოზიციების დახლოებას საჭიროებს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის და ნებისმიერი პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დღეს დგას საქართველოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციის, დემოკრატიის გაძლიერების, ევროინტეგრაციის ამოცანები მაშინ, როდესაც რეგიონში არის გარკვეული გამოწვევები, ცვლილებები, როდესაც პოსტკოვიდური ეკონომიკა სწრაფ აღდგენას მოითხოვს და როდესაც საჭიროა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, ზუსტად ამ ამოცანების გარშემო და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული დღე, როდესაც ოპოზიცია რჩება ხელოვნურ კრიზისში და ბოიკოტში, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგული დღე. ამიტომ კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას. დიალოგი გაგრძელდება. ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რაზეც პოზიციების დაახლოება საჭიროა.