განკითხვა დამღუპველია, როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს და თავის ცოდვებს იმძიმებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
„დღეს არის დღე, რომლის დროს ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერად, უნდა დატოვოს განკითხვა და შეუდგეს სულიერ აღმავლობას. ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება – ლოცვა, მარხვა, კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, ყველაფერ ამას ვაკეთებთ ჩვენ, მაგრამ არა საკმარისად. ღმერთო, მოგვანიჭე ჩვენ განცდა ჩვენთა ცოდვათა და არა განკითხვა ჩვენისა ძმისა.
ამდენი წელია, ჩვენ ვლაპარაკობთ ამის შესახებ, ამდენი წელია, მე გიქადაგებთ, რომ განკითხვა დამღუპველია, განკითხვა ღუპავს ადამიანს. როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს და იმძიმებს თავის ცოდვებს. წმინდანებს ეკითხებიან, რა გავაკეთოთ, რომ ვცხონდეთ? წმინდა მამები პასუხობენ – ილოცე და იშრომე.
ჩვენც უნდა შევასრულოთ, უნდა დავინახოთ გაჭირვებული ადამიანები, დავეხმაროთ მათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიყვარული სუფევდეს ჩვენს გარშემო, ჩვენს ოჯახებში, სამსახურში, ჩვენს ხალხში… მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. მათ შორის, სასულიერო პირებიც, მეც მათ შორის.
მე მითქვამს თქვენთვის, რომ ცოდვები, რაც ხალხს ახასიათებს, ის მახასიათებს მეც. ზოგიერთს ეს მიაჩნია მძიმე ცოდვად, პატრიარქი უნდა იყოს წმინდა, მაგრამ ადამიანი არ შეიძლება, იყოს უცოდველი. ადამიანს გონებაში ან საქმეში ცოდვა ახლავს და როცა აქვს მას განცდა, თვისთა ცოდვათა, ღმერთი პატიობს ამ ცოდვებს, ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის.
მინდა, გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, მადლობა უფალს, რომ გვაძლევს სულიერებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ეს არ ესმით, თავის თავს თვლიან წმინდანად და სხვებს – ცოდვილად. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გაგვიხსნას გონება, დავინახოთ ჩვენი თავი, ცოდვები და ავიდეთ სრულყოფის კიბეზე“, – განაცხადა ილია მეორემ.