გერმანიის ელჩის შემდეგ, საგარეო უწყებაში ბრიტანელი დიპლომატი დაიბარეს

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეთ უორდისა და საგარეო უწყების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეხვედრის დეტალებზე დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 24 სექტემბერს, უწყებაში ასევე იმყოფებოდა გერმანელი დიპლომატი.


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კატეგორიულად „დაგმო საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ „აგრესიული რიტორიკა“ და „უსაფუძვლო დაბარება“. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით.


“ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.


თავის მხრივ, ხსენებულ საკითხზე სოციალურ ქსელში წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და ხაზს უსვამს, რომ ეს “საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი “დაბარებაა.”


„გერმანიისთვის, დეტალურად უარვყავი ჩემ წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებიც ქმედებებითა და რიტორიკით გამოიწვიეს ეს და ბლოკავენ ევროკავშირისკენ გზას. არ მომისმინეს. რადიკალი არ ვარ. გერმანია მეგობრად რჩება,” - წერს ფიშერი.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.“


უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე აღინიშნა ის, რომ „ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები.“

ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა.

„24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ ფიშერთან.


შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.

ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა.


ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად.


საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება,” - ნათქვამია განცხადებაში.


ცნობისთვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში.