ვიმედოვნებ, ხვალ შემეძლება, გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ თბილისში რჩება და შეხვედრებს ხვალაც გააგრძელებს.
„ეს პროცესი არის რთული და უფრო მეტი დრო სჭირდება. ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები შეძლებენ, პარტიები შეძლებენ უფრო დაახლოებას, ზუსტად იმისთვის ვმუშაობთ და ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე მუშაობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, შემეძლება, ხვალ გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით და ამას მეტი დროს სჭირდება“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.
პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.