2008 წლის ომში ჰოლანდიელი ჟურნალისტის დაღუპვის საქმეზე, ევროსასამართლომ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ასპექტი, რადგან „არ გადადგა არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ ჰოლანდიელი ფოტოჟურნალისტის სტენ სტორიმანსის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად. ჟურნალისტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისას მოკლეს. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ „არ გადადგა არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინციდენტის გარემოებების გასარკვევად და მათი რეაგირება შემოიფარგლა ზოგადი უარყოფებითა და დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნით.“


ოპერატორი სტენ სტორიმანსი, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორში მოკლეს, კასეტური ბომბის მსხვერპლი გახდა. ეს ბომბი იმ ტიპის რაკეტიდან იყო გამოსროლილი, რომელიც ”მხოლოდ რუსეთის სამხედრო არსენალში მოიპოვება.” ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა, მისი კოლეგები კი, ჰოლანდიელი ჟურნალისტი იერონ აკერმანსი და ისრაელელი რეპორტიორი ცადოკ იეჩესკელი მძიმედ დაიჭრნენ.


„ამ ბრალდებების სიმძიმისა და ნიდერლანდების გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადადგა არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინციდენტის გარემოებების გასარკვევად და მათი რეაგირება ზოგადი უარყოფითა და დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნით შემოიფარგლა,“ – განაცხადა სასამართლომ 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში.


სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი, რაც გულისხმობს საქმის ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების დარღვევას, და რუსეთს სტორიმანსის ქვრივისა და შვილებისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ევროს გადახდა დააკისრა. იგივე თანხა უნდა გადაუხადოს რუსეთმა სტორიმანსის ორ კოლეგას, თითოეულს, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროპის საბჭოდან 2022 წელს გარიცხეს, ის იურიდიულად ვალდებულია, გადაიხადოს კომპენსაცია მანამდე მომხდარი დარღვევებისთვის.