თურქეთის საელჩო საქართველოში იუწყება, რომ თურქეთის სანაპირო დაცვის გემი TCSG-97 მეგობრული ვიზიტით ფოთის პორტში შევიდა. დიპლომატიური მისიის ცნობით, ეკიპაჟს საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დახვდნენ.
„ვიზიტი კეთილმეზობლობისა და რეგიონული თანამშრომლობის სულისკვეთებით განხორციელდა: ჩვენ მივესალმეთ TCSG-97 სანაპირო დაცვის გემს, რომელიც ფოთის პორტს ეწვია. დასავლეთ შავი ზღვის სანაპირო დაცვის ჯგუფის მეთაურთან, ლეიტენანტ პოლკოვნიკ ჯიჰან სეიმენთან და გემის მეთაურთან, უფროს ლეიტენანტ ტოლგა აკალპთან ერთად ვესტუმრეთ საქართველოს სანაპირო დაცვის მეთაურს იური ფირცხალაიშვილს,“ - ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ანკარასა და თბილისს შორის მჭიდრო კავშირებს საზღვაო უსაფრთხოებისა და შავი ზღვის ერთობლივი პატრულირების კუთხით. საელჩომ გამოაქვეყნა ვიზიტის ამსახველი ფოტოები და აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.