„რეგიონის უმნიშვნელოვანესი დერეფანი“: გაიხსნა ახალი გზა, რომელიც ბალტიის ქვეყნებს პოლონეთთან აკავშირებს

ევროპასა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოსა და პოლონეთს შორის დამაკავშირებელი მთავარი გზა გაიხსნა.


„ვია ბალტიკას“ სახელით ცნობილი გზა გაივლის ბელორუსსა და რუსეთის კალინინგრადის ანკლავს შორის მდებარე ვიწრო ზოლს, რომელსაც სუვალკის დერეფანი ეწოდება და რომელსაც ხშირად აღწერენ, როგორც პოტენციურ სამიზნეს რუსეთის მიერ NATO-ზე თავდასხმის შემთხვევაში.


პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ და ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ამ ორი ქვეყნის საზღვარზე, გზის გახსნის ცერემონიაზე განაცხადეს, რომ ეს გზა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფანია და ხაზი გაუსვეს მის როლს რეგიონის თავდაცვაში.


„ვია ბალტიკას“ გამოყენებით, NATO-ს ჯარებს პოტენციურად უფრო სწრაფად შეეძლებათ ბალტიის დასახმარებლად მოძრაობა. ლიეტუვის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, „ვია ბალტიკას“ ჩრდილოეთის მიმართულებით მდებარე რამდენიმე მონაკვეთი ჯერ კიდევ მხოლოდ ორზოლიანია და ის მოგვიანებით გაფართოვდება.


„ამ გზას ორმაგი დანიშნულება აქვს - ის დაეხმარება ჩვენს ეკონომიკას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის თავდაცვით შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ნავროცკიმ. თავის მხრივ, ნაუსედას თქმით, გზა „თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების“ სიმბოლოა და ის „ლიეტუვაში უაღრესად მნიშვნელოვან ეკონომიკურ, კომერციულ და ლოგისტიკურ როლს ასრულებს, რაც ევროპის დანარჩენ ბაზართან გვაკავშირებს.“


970 კილომეტრის სიგრძის „ვია ბალტიკა“ ვარშავიდან იწყება, ლიეტუვას და ლატვიას გაივლის და ესტონეთში, ტალინში მთავრდება. ის ევროპული E67 მარშრუტის ნაწილია, რომელიც ფინეთს ჩეხეთთან აკავშირებს.


სექტემბერში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე რუსული დრონი პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა, ხოლო რუსული გამანადგურებლები ესტონეთის საჰაერო სივრცეში გამოჩნდნენ, პოლონეთი და მისი ბალტიისპირელი მეზობლები საგანგებო მზადყოფნაში არიან.