რუსული მწარმოებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ინდურმა კომპანიამ ნავთობი ახლო აღმოსავლეთიდან და აშშ-დან შეიძინა - მედია

რუსი მწარმოებლის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემდეგ, ინდურმა კონგლომერატმა Reliance Industries-მა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და შეერთებული შტატებიდან მილიონობით ბარელი ნავთობი შეიძინა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.


ტრეიდერების თქმით, კომპანიამ ნედლი ნავთობის რამდენიმე სახეობა, მათ შორის, საუდის არაბეთიდან Khafji, ერაყიდან Basrah Medium და ყატარიდან Al-Shaheen, ასევე, აშშ-ის West Texas Intermediate შეიძინა. მიწოდება დეკემბერსა და იანვარში იგეგმება.


წელს Reliance ინდოეთში რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი იყო. კომპანია ნედლ ნავთობს Rosneft-თან გრძელვადიანი კონტრაქტით იღებდა - Rosneft-ი ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც აშშ-ის სანქციების სამიზნეა. „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების შემდეგ, რუსული ნავთობის ინდოეთში მიწოდება შესაძლოა, მკვეთრად შემცირდეს. გამონაკლისი იქნება „ნაიარა ენერჯი“, რომელსაც ნაწილობრივ „როსნეფტი“ აკონტროლებს.


ამასობაში, ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ფასების ზრდა დაიწყო. Brent-ის საორიენტაციო ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა, რაც ინვესტორების შეშფოთებას ასახავს. ნავთობის ფასები 24 ოქტომბერს სტაბილიზდა წინა დღის მკვეთრი ზრდის შემდეგ. Bloomberg-ის წყაროებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული ნავთობის ინდოეთში მიწოდება, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა, მალე თითქმის ნულამდე დაეცემა. Reuters-ის წყაროების ცნობით კი, სანქციების გამო ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები დროებით შეაჩერეს.