აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა კრემლის სპეციალურ წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს „რუსი პროპაგანდისტი“ უწოდა მას შემდეგ, რაც დმიტრიევმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანი არ მიუყენებია.
„ვფიქრობ, რუსეთი იგრძნობს ტკივილს. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ, ინდოეთმა მთლიანად შეაჩერა რუსული ნავთობის შესყიდვები. ჩინეთის ბევრმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა,“- განაცხადა ბესენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეუძლია, ისაუბროს სანქციების რეალურ გავლენაზე რუსეთის ეკონომიკაზე.
„რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკა საომარი პერიოდის ეკონომიკაა. ზრდა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ვფიქრობ, ინფლაცია 20%-ზე მეტია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, პუტინს [მოლაპარაკებების] მაგიდასთან დასვამს. სწორედ ნავთობიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება რუსეთის საომარი მანქანა და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი მოგება,“ - აღნიშნა ბესენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებისგან ეკონომიკის დაცვა არ შეუძლია და რომ მისი ნავთობიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელთან შედარებით, 20%-ით შემცირდა და ახალმა სანქციებმა შესაძლოა, ის კიდევ 20 ან 30%-ით შეამციროს.