პრინცი ენდრიუ „პრინცის“ ტიტულს კარგავს და სამეფო სასახლეს ტოვებს

BBC-ის ცნობით, პრინცი ენდრიუ „პრინცის“ ტიტულს კარგავს და უინძორის სასახლეს ტოვებს, მას შემდეგ, რაც სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური მოკვლევა მიმდინარეობს. ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებული განცხადებით, მეფის ძმა ამიერიდან ენდრიუ მაუნტბატენ უინძორის სახელით იქნება ცნობილი.


სასახლის განცხადებით, მეფემ „დღეს დაიწყო ოფიციალური პროცესი პრინც ენდრიუს სტილის, ტიტულებისა და პატივის ჩამორთმევის მიზნით.“ ამასთან, ის სასახლეს დატვებს და კერძო საცხოვრებელში, სანდრინგემის მამულში გადავა.


ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ ეს „ზომები აუცილებელია“ იმის მიუხედავად, რომ პრინცი ენდრიუ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. სასახლე ასევე გამოხატავს მხარდაჭერას „ნებისმიერი და ყველა ფორმის ძალადობის“ მსხვერპლთა მიმართ.


ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ის ციხეში გარდაიცვალა. 2022 წელს დედის, დედოფალ ელისაბედ მეორის თანხმობით, პრინც ენდრიუს ჩამოართვეს სამხედრო წოდებები და სამეფო პატრონაჟი მას შემდეგ, რაც პრინცის ადვოკატებმა ამერიკული სასამართლო ვერ დაარწმუნეს, შეეწყვიტა სექსუალური ძალადობის შესახებ ენდრიუს მიმართ არსებული ბრალდების განხილვა. დაახლოებით ორი კვირის წინ პრინცმა ენდრიუმ თავად თქვა უარი, რომ საჯარო სივრცეში მოხსენიებული ყოფილიყო იორკის ჰერცოგად და სხვა ტიტულებით, თუმცა ბრიტანეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები მოითხოვდნენ ენდრიუსთვის ტიტულების ოფიციალურად ჩამორთმევას.


უინძორის სასახლის რეზიდენცია Royal Lodge-ს დატოვებს ენდრიუს ყოფილი ცოლი სარა ფერგიუსონი. 1996 წელს განქორწინების შემდეგაც სარა ფერგიუსონი ამ რეზიდენციაში ცხოვრობდა. მამისთვის პრინცის ტიტულის ჩამორთმევის მიუხედავად, პრინცესის ტიტული შეინარჩუნეს ენდრიუს ქალიშვილებმა ბეატრისმა და ევგენიამ.