უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ორ დადგენილებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ პერსონალური, ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები.
პირველი დადგენილება ეხება პრორუს პროპაგანდისტებს - 14 პირს, რომლებიც ამართლებენ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას, უარყოფენ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და ფინანსდებიან დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვანახშირის სამრეწველო სფეროდან მიღებული მოგებით.
მეორე დადგენილება სანქციებს უწესებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მწარმოებლებსა და მომწოდებლებს - 10 ფიზიკურ და 31 იურიდიულ პირს, რომლებიც რუსეთის, ჩინეთისა და ირანის რეზიდენტები არიან. მათ შორის არიან კომპანიები, მათი აღმასრულებლები და მფლობელები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთისთვის აღჭურვილობისა და კომპონენტების მიწოდებაში სანქციების გვერდის ავლით. სანქციები ასევე გამოყენებულია ირანის სახელმწიფო ორგანოებისა და იურიდიული პირების მიმართ, რომლებმაც რუსეთს სამხედრო პროდუქცია მიაწოდეს.
„უკრაინა აგრძელებს მუშაობას სანქციების ახალი ნაბიჯების დანერგვაზე. ჩვენი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის კომპონენტების მიწოდების თავიდან აცილება, ნავთობიდან შემოსავლების შემცირება, ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა.
წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩვენ 11 სანქციის პაკეტი სინქრონიზებული გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან - ექვსი - ევროკავშირელ კოლეგებთან. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. მომავალ თვეში ჩვენ დავასრულებთ სინქრონიზაციის მიმართულებით ძალისხმევის გაწევას. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ყველა გეგმას და ვალდებულებას. ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.