საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, კავკასიის რეგიონსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ.
ზალკალიანის თქმით, ასოცირების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკური მიმართულება, ასევე დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საკითხები.
„ბუნებრივია, განხილული იქნება რეგიონში არსებული ვითარება. რა თქმა უნდა, ახალი გეოპოლიტიკური გარემო მოითხოვს ჩვენ შორის ძალიან კოორდინირებულ და თანმიმდევრულ საქმიანობას. ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ასევე პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი ჩართულია ჟენევის მოლაპარაკების პროცესში და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. ასევე, ასოცირების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკური მიმართულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების დღის წესრიგის ინპლემენტაცია. ასევე, დემოკრატია, მართლმსაჯულება, ყველა ის საკითხი, რასაც ფარავს ასოცირების შეთანხმება, ინება განხილული“, – განაცხადა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე ასევე, განიხილავენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ზალკალიანი ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში თავისი წარმომადგენელი გამოაგზავნა, მანიშნებელია, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას.
„ბუნებრივია, ასევე შეხვედრები იქნება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ძირითადი თემები რა თქმა უნდა, იქნება როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, მოლაპარაკებები, რომელიც მისი უშუალო ინიციატივითა და მედიაციით მიმდინარეობს. თავად ის ფაქტი, რომ მან საკუთარი წამრომადგენელი გამოაგზავნა, მიანიშნებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას, რადგანაც სტაბილურობის გარეშე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა წარმოუდგენელია. ამიტომ, პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მასთან ერთად განიხილოს თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესები.
რა თქმა უნდა, ასევე შეხვედრები იქნება ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელთან. შეხვედრები იქნება ევროპარლამენტის წევრებთან და რა თქმა უნდა, NATO-სთან თანამშრომლობა ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება NATO-ს გენერალურ მდივანს. ის გამოვა NATO-ს ერთობლივი კომისიის სხდომაზე და მოახსენებს ჩვენს მოკავშირეებს, ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პროგრესზე“, – აღნიშნა ზალკალიანმა.