სახელმწიფო მონოპოლიის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2020 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის რკინიგზა ზარალით მუშაობს. 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე რუსეთის რკინიგზამ 4.4 მილიარდი რუბლი დაკარგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 44 მილიარდი მოგების ფონზე. კომპანიამ პირველი კვარტალი 13.3 მილიარდი რუბლის მოგებით დაასრულა, მაგრამ მას შემდეგ 17.7 მილიარდი რუბლის წმინდა ზარალი განიცადა, რაც წლის დასაწყისის მოგებას აღემატება.
ფინანსური ანგარიშგების თანახმად, რუსეთის რკინიგზამ პირველი ცხრა თვის განმავლობაში ოპერაციული საქმიანობიდან 165.6 მილიარდი რუბლის წმინდა ფულადი ნაკადი გამოიმუშავა. ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა მისი საინვესტიციო ხარჯების მეოთხედის დასაფარადაც კი, რომელიც სულ 705.8 მილიარდ რუბლს შეადგენდა.
რუსეთის რკინიგზამ ფულადი დეფიციტი ვალების და რეზერვების ამოწურვის გზით დაფარა: მონოპოლიის ფულადი რეზერვები იანვრიდან სექტემბრამდე 12-ჯერ შემცირდა, 251.6 მილიარდიდან 21.7 მილიარდ რუბლამდე.
„ზარალი, პირველ რიგში, მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო გაზრდილი სესხების ხარჯებით არის განპირობებული,“ - განუმარტეს კომპანიაში RBC-ს. პირველი ცხრა თვის განმავლობაში რუსეთის რკინიგზამ ვალზე პროცენტის სახით 332,2 მილიარდი რუბლი გადაიხადა, რაც ორჯერ აღემატება ერთი წლით ადრე გადახდილ თანხას (158,1 მილიარდი).
რუსეთის რკინიგზის მთლიანმა ვალმა 1,75 ტრილიონ რუბლს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ის 330 მილიარდი რუბლით, ხოლო 2023 წლის დასაწყისიდან 715 მილიარდით გაიზარდა. რუსეთის რკინიგზის ბიუჯეტი ტვირთბრუნვის მკვეთრი შემცირების გამო ივსება, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე დაიწყო და უკვე მეოთხე წელია, გრძელდება.
2022 წელს რუსეთის რკინიგზის ქსელის ტვირთბრუნვის მოცულობა 3,9%-ით, 2023 წელს 0,2%-ით, ხოლო 2024 წელს 4,1%-ით შემცირდა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, რუსეთის რკინიგზის გადაზიდვები წინა წელთან შედარებით, კიდევ 6.7%-ით შემცირდა. თითქმის ყველა ტვირთის კატეგორიამ განიცადა კლება. მონოპოლისტმა ასევე დააფიქსირა მარცვლეულის გადაზიდვების რეკორდული კლება 26.6%-ით. ბიუჯეტური პრობლემების გამო, რუსეთის რკინიგზამ ინვესტიციები ერთი მესამედით შეამცირა, ზოგიერთი თანამშრომელი იძულებით ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაგზავნა (თვეში ორი დღე) და ოქტომბერში იძულებული გახდა, თანამშრომლების გათავისუფლება დაეწყო.