„ზანგეზურის დერეფანი“ TRACECA-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია“ - გენერალური მდივანი

TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა ზანგეზურის დერეფანს მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა და აღნიშნა, რომ აქტიურად გრძელდება მუშაობა 110 კილომეტრიან ჰორადიზ-აღბენდის რკინიგზაზე, რომლის 67 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაო დასრულებულია.


„დარწმუნებული ვარ, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნა, რომელიც ევროპას აზიასთან დააკავშირებს და, რაც მთავარია, აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს [მის] ნახიჩევანთან [ანკლავთან], მნიშვნელოვნად გაზრდის აზერბაიჯანის, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ცენტრის სტატუსს. მინდა, აღვნიშნო, რომ ზანგეზურის დერეფანი TRACECA-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია,“ განაცხადა ასეტ ასავბაევმა.


სამთავრობათაშორისო კომისიის (PS IGC) TRACECA-ს მუდმივი სამდივნოს გენერალურმა მდივანმა ევროპისა და კავკასიის სატრანსპორტო დერეფანში (TRACECA) „ზანგეზურის დერეფნის“ შესაძლო ჩართვაზე უფრო ადრეც გააკეთა კომენტარი.


მისი თქმით, ხსენებული დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის დამაკავშირებლად, ასევე, უზრუნველყოფს თურქეთსა და სხვა ქვეყნებთან წვდომას. TRACECA-ში მისი ჩართვა კი, მომავალში საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლისთვის კარგ პირობებს შექმნის. ასავბაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ TRACECA-ს მუდმივი სამდივნო (PS) მიესალმება რეგიონში ყველა ეკონომიკურ და სატრანსპორტო კავშირს, ასევე, ზოგიერთი მარშრუტის განვითარებას.


„ყველა ეს მოვლენა სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს. ჩვენი აზრით, სატრანსპორტო კომუნიკაციების ადრეული გახსნა გაზრდის რეგიონის გამტარუნარიანობას და ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გარკვეული სატრანზიტო ტვირთების მოზიდვით. ამ დერეფნის გახსნის საკითხები პოლიტიკური ჩარჩოდან გამომდინარეობს. აუცილებელია, გადაწყდეს დერეფნის გამტარუნარიანობასთან, საკონტროლო პუნქტებთან, საჭირო ინვესტიციების მოცულობასთან და სხვა რიგ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია „ზანგეზურის დერეფნის“ სტაბილური ფუნქციონირებისთვის,“ - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.


ცნობისთვის, TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.


ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.