სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს ტრიბუნიდან გააკრიტიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი „ტერმინ ზანგეზურის დერეფნის გამოყენების“ გამო. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომელთანაც ვაშინგტონის დეკლარაცია შეთანხმდა, არაერთხელ ახსენა ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდან. ეს გამონათქვამი კი, როგორც სომხეთის პრემიერი მიუთითებს, არცერთ დოკუმენტში არ გვხვდება, მათ შორის, არც ვაშინგტონში შეთანხმებულ დოკუმენტებში.
„ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ უნდა დააზუსტოს, რას გულისხმობს ამ ფრაზაში, რადგან სომხურ რეალობაში ეს აღიქმება, როგორც სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია და ასოცირდება კონფლიქტის ნარატივთან. 8 აგვისტოს დოკუმენტებში ჩვენ შევთანხმდით მკაფიო შინაარსსა და ნარატივზე და შეუძლებელია ამ შეთანხმებებისადმი ერთგულებაში ეჭვის შეტანა რაიმე ფორმით - ჩემ მიერ ნახსენები ნარატივებით და/ან ამ ტრიბუნიდან გამოთქმული სხვა ნარატივებით. ასეთი ნარატივები არ ზრდის ხალხის რწმენას მშვიდობის მიმართ; ისინი არც მშვიდობის ატმოსფეროდან და უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებებიდან მომდინარეობს.
სხვადასხვა ტრიბუნიდან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი საუბრობს სომხეთის სავარაუდო კაპიტულაციაზე. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მესმის, ასეთი უზარმაზარი დადებითი შინაარსის არსებობისას, რაც ერთობლივი ძალისხმევით მიიღწა, რატომ უნდა შემოვიტანოთ აგრესიული ქვეტექსტები, რომლებიც ობიექტურ რეალობასთან არ არის დაკავშირებული.
ნუთუ მშვიდობა საკმარისი სიხარული არ მოაქვს? მაგალითად, ჩემთვის მოაქვს. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ სომხეთის რესპუბლიკა არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შთამბეჭდავი ტემპით ვითარდება - ის არის დამოუკიდებელი, სუვერენული და დღეს საკუთარ მომავალს აშენებს.
ეს არის სახელმწიფო, რომელიც არ ავრცელებს სიძულვილს მეზობლების ან ვინმეს მიმართ. მინდა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ და მსგავსი ნარატივები არ გამომდინარეობს მიღწეული შეთანხმებებიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა და ხაზი გაუსვა, რომ ხსენებული ტერმინის გამოყენება გამაღიზიანებელია, იწვევს უარყოფით გავლენას და ის აღიქმება, როგორც ტერიტორიული პრეტენზია სუვერენული ქვეყნის მიმართ, მიღწეული და გამოცხადებული შეთანხმებების მიუხედავად.
„მაგრამ ეს ნამდვილად ვერ გადაგვახვევინებს შეთანხმებების შესრულების პრაქტიკიდან, ერთი მილიმეტრითაც კი. ამრიგად, 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამოცხადებული TRIPP-ის [„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის] “მარშრუტის პროექტის ფარგლებში, სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის რკინიგზა, ავტომაგისტრალი, მილსადენები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რომლებიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. ამ შეთანხმების შედეგად, ჩრდილოეთი ასევე დაუკავშირდება სამხრეთს.
მხოლოდ გეოგრაფიული ჩამოთვლაც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ეს არის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ზუსტი ასახვა, რომლის წარდგენის შესაძლებლობაც ამ ტრიბუნიდან მქონდა. TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურის პროექტი წარმოიქმნება „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროგრამიდან, რომლის შესაძლებლობების განვითარების შესახებაც პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივ მემორანდუმს ხელი 8 აგვისტოს, ვაშინგტონში მოვაწერეთ.
საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო, რომ ვაშინგტონის დეკლარაციის შესაბამისად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნა სახელმწიფოთაშორისი, ორმხრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის მოხდება სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე.
ეს შეთანხმებები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკისთვის, დანერგოს სასაზღვრო, საბაჟო და სხვა კონტროლის უახლესი ტექნოლოგიები, არამხოლოდ TRIPP-ის მარშრუტზე, არამედ, სხვა სასაზღვრო გადასასვლელებზეც, რომლებიც ყველაზე თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება.
სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა მნიშვნელოვანია TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურული პროექტისთვის: ეს ნიშნავს არსებული რკინიგზის, მაგისტრალების გახსნას, მილსადენების, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების და კაბელების განვითარების პერსპექტივას.
მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში სომხეთსა და თურქეთს შორის უპრეცედენტო პოზიტიური დიალოგი დამყარდა. პრეზიდენტ ერდოღანთან ჩემი შეხვედრები რეგულარულია, ნდობის მუდმივად მზარდი დონის ფონზე.
ეს არის მიღწევა, რომელსაც ძალიან ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ეს დადებით შედეგებს, კერძოდ, სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და სახელმწიფოთაშორისი საზღვრის სრულად გახსნას მოიტანს,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.