ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორი ფედერიკა მოგერინი კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ბელგიის პოლიციამ იტალიელი პოლიტიკოსის გარდა კიდევ ორი პირი დააკავა. ინფორმაციას გამოცემა „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Euractiv-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ევროპის კოლეჯში ჩხრეკა ჩაატარა.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს წინასწარ ჰქონდათ, თუ არა ინფორმაცია ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის დაფინანსების მიზნით საჯარო ტენდერის გამოცხადების შესახებ.
გამოძიება ევროპის კოლეჯის მიერ ბრიუგეში 3.2 მილიონი ევროს ღირებულების შენობის შეძენის გარემოებებს იკვლევს, რომელშიც ის დიპლომატები ცხოვრობენ, რომლებიც კოლეჯში სწავლობენ. გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ კოლეჯმა შენობა 2022 წელს შეიძინა, იქამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ტენდერს გამოაცხადებდა და შემდეგ კოლეჯს დაფინანსების სახით 654 000 ევროს გადასცემდა.
მოგრეინი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს 2014-2019 წლებში იკავებდა, 2022 წლის შემდეგ ის იყო ბრიუგეს დიპლომატიური აკადემიის დირექტორი.