გაერთიანებულმა სამეფომ და ნორვეგიამ ხელი მოაწერეს თავდაცვის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას საშუალებას მისცემს, ჩრდილოეთ ატლანტიკაში რუსული წყალქვეშა საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად ფრეგატების ერთობლივი ფლოტი მართონ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესრელიზშია ნათქვამი.
შეთანხმების ცენტრშია Type-26 წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საბრძოლო ფრეგატების ახალი ერთობლივი ფლოტი - რვა ბრიტანული და სულ მცირე ხუთი ნორვეგიული.
„ამ გლობალური არასტაბილურობის დროს, როდესაც ჩვენს წყლებში სულ უფრო მეტი რუსული გემი ფიქსირდება, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად. ნორვეგიასთან ეს ისტორიული შეთანხმება აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, დავიცვათ ჩვენი საზღვრები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენი ერები არიან დამოკიდებულნი,“- აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
BBC-ს ცნობით, შეთანხმება მიზნად ისახავს წყალქვეშა კაბელების დაცვას, რომლებიც ბრიტანელი ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვის მხრიდან სულ უფრო მეტად საფრთხის ქვეშაა, რადგან თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის წყლებში რუსული გემების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.
შეთანხმების თანახმად, NATO-ს ორი წევრის საზღვაო ძალები ბრიტანეთში წარმოებული Type-26 ფრეგატების ფლოტს გამოიყენებენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა და განაცხადა, რომ ის აძლიერებს დიდი ბრიტანეთის უნარს, დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა.