დასავლეთ აფრიკაში, ბენინში ჯარისკაცები აცხადებენ, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს

BBC

დასავლეთ აფრიკის რესპუბლიკა ბენინში ჯარისკაცებმა ეროვნულ ტელევიზიით მიმართვისას განაცხადეს, რომ მათ პრეზიდენტი პატრის ტალონი თანამდებობიდან გადააყენეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.


ჯარისკაცებმა კონსტიტუციის მოქმედების შეჩერების, ყველა სახმელეთო საზღვრის, ასევე, ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გამოაცხადეს. თუმცა პრეზიდენტთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ პატრის ტალონი კარგადაა და რომ ტელევიზიაში მყოფ ჯარისკაცთა მცირე ჯგუფს რეგულარული არმიის მხარდაჭერა არ ჰქონდა.


„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,“ - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა შეგუნ აჯადი ბაკარიმ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს.“ 


ბენინში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს, ქალაქ კოტონუში, რომელიც მთავრობის ადგილსამყოფელია, სროლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.


პრეზიდენტის ადგილსამყოფელი უცნობია. ქალაქ კოტონუს თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ და რამდენიმე ქუჩაზე, სადაც სამხედროები იმყოფებიან, გზები გადაკეტილია. 


ბენინი, რომელიც საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა, აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ დემოკრატიად ითვლება. ის კონტინენტზე ბამბის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, თუმცა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს შორისაა.