ამირან გამყრელიძე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას არ გამორიცხავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა შემსუბუქდეს.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს იმაზე, სრულად მოიხსნება ეს შეზღუდვა, თუ რამდენიმე საათით შემსუბუქდება.

„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნება, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება განვიხილოთ. დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე - ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ეს შეზღუდვაც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა რიგი შეზღუდვები ძალაში დარჩა, მათ შორის არის გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც სარამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებს.