ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემქმნელები ჟურნალ Time-ის 2025 წლის ადამიანებად დასახელდნენ.
„2025 წელი იყო წელი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალი რეალიზდა და ცხადი გახდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. აწმყოს ტრანსფორმაციისა და შესაძლო საზღვრების გაფართოებისთვის, ჟურნალ Time-მა ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები 2025 წლის ადამიანებად დაასახელა,“ - წერს ჟურნალი.
გარეკანზე გამოსახულია Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, AMD-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სუ, xAI, SpaceX და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი, DeepMind-ის აღმასრულებელი დირექტორი დემის ჰასაბისი, Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი და ImageNet-ის დამფუძნებელი ფეი-ფეი ლი. ყველა მათგანი მრავალსართულიანი შენობების ზემოთ, ფოლადის ძელზე მჯდომარეა გამოსახული, რაც ვიზუალური მინიშნებაა 1932 წლის ლეგენდარულ ფოტოზე „სადილი ცათამბჯენზე.“
Time 1927 წლიდან მოყოლებული ირჩევს ადამიანს, ჯგუფს ან იდეას, რომელმაც კონკრეტულ წელს უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე. გასული წლის ადამიანად ტრამპი აღიარეს.