ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელი რჩება.
დანიელსონის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები. ამის შესახებ მან ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა ამ დილით, დღის განმავლობაში კიდევ გვექნება შეხვედრები. პრეზიდენტ მიშელისგან მაქვს ამოცანა, რომ დავეხმარო მედიაციას, სწორედ ამიტომ ვრჩები. უკვე ვთქვი, რომ ბევრი საქმე გაკეთდა და ვაგრძელებთ მუშაობას. არის სერიოზული საკითხები, რომელიც გადაუწყვეტელი რჩება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები, რომ კვლავ დავინახოთ კომპრომისის საჭიროება“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.
ორი დღის განმავლობაში ის ხვდებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ საქართველოში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს.