ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: იუნესკომ ქართული ხორბალიც აღიარა, ესაა ჩვენი ხალხის და სამშობლოს თავგადასავალი, ღვინის, მრავალხმიანი სიმღერის და ქართული ანბანის აღიარებასთან ერთად

ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: 


  • „ესე იგი ქართული ჭიდაობა, ქართული ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი, ქართული მრავალხმიანობა, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა, და დღეიდან უკვე ქართული ხორბალი UNESCO-ს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად აქვს აღიარებული.

აი ამაზე კარგად არაფერი აღწერს როგორი ხალხის ქვეყანა ვართ. სიმღერა, ბრძოლა, ვაზი, ღვინო, ხორბალი, ანბანი. ესაა ჩვენი კულტურა, ტრადიცია, ისტორია...
ეგეთები ვართ, გულიანები, შრომისმოყვარეები, ზარმაცები კი არა, ბედნიერებისკენ მიდრეკილი ხალხი... ცოტა შერეკილებიც, რადგან ამდენ მტერს, ამდენ თავსდატეხილ უბედობას რანაირად გავუძლებდით ისე. კიდევ ეს ყველაფერი რწმენით შევქმენით, ჩვენი ფესვები და იდენტობა ჩვენს სარწმუნეობაშიცაა.


ქართველი, ფანატიკოსი არასდროს ყოფილა, მისი რწმენა სამშობლოსთან იყო ყოველთვის იდენტიფიცირებული. როგორი ფესვებიდან მოვდივართ, როგორი წინაპრებიდან... ამხელა მსოფლიოში, შენსას რომ აღიარებენ უნიკალურად...

ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოს, ხორბალს, ვაზს, ჭიდაობას, ანბანს, სიმღერას - ერთნაირი რუდუნებით რომ უვლიდნენ და ჩვენს სამშობლოს ქმნიდნენ შრომით, ბრძოლით, სწავლით და სიმღერით.“