უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა, კონვენციას ხელი საქართველომაც მოაწერა

34 ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დააფუძნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს ავრცელებს.


მას საქართველოც შეუერთდა, კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.


„საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად...


საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი - მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.


„მსურს, შეგახსენოთ, რომ საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში. ეს ძალიან დადებითი ელემენტია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოსთან,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ.


დიპლომატიურ კონფერენციას 50 ქვეყნის ლიდერი და მაღალი დონის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ, და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სჰოფი.


“მოველით, რომ ზიანისა და სარჩლების რეესტრიდან კომპენსაციისთვის ყოველი მექანიზმიდან რეალურ გადასახადებამდე - დაიწყებს მუშაობას და ძლიერ და საკმარის საერთაშორისო მხარდაჭერას მიიღებს, რათა ხალხმა ნამდვილად შეძლოს შეგრძნება, რომ ომით გამოწვეული ნებისმიერი ზიანი შეიძლება ანაზღაურებულ იქნას. ეს ომი, და მისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა, ცხადი მაგალითი უნდა გახდეს - რათა სხვებმა ისწავლონ აგრესიის არარჩევა,” - განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.