კასპიის ზღვის პორტებში საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგება

კასპიის ზღვის პორტებში საზღვაო ერთი ფანჯრის (MSW) ინიციატივა ამოქმედდება, რომლის მიზანიც საზღვაო ტრანსპორტის პროცედურების გამარტივება და გამჭვირვალობის გაზრდაა. ამის შესახებ Trend ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) კომენტარზე დაყრდნობით წერს.


განცხადება საერთაშორისო გამოფენისა და კონფერენციის ფარგლებში, აქტაუში გამართული სესიის ფარგლებში [შუა დერეფანი: აქტაუს ჰაბის მიღწევები 2025 წელს და პერსპექტივები 2026 წლისთვის] გაკეთდა.


სესიაზე სიტყვით გამოვიდა TRACECA-ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი, რომელმაც ხაზი გაუსვა TRACECA-ს გამოცდილების მნიშვნელობას სატრანსპორტო კავშირების განვითარებაში და TRACECA-ს ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მნიშვნელობას, როგორც დერეფნის იურიდიულ საფუძველს. მან ასევე ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მიმდინარე პრიორიტეტებს, მათ შორის ,TRACECA-ს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, პორტისა და მულტიმოდალური ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროცესებში ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივების ხელშეწყობას.


ცნობისთვის, MSW არის საზღვაო ტრანსპორტის ელექტრონული - „ერთი ფანჯრის“ სისტემა, რომელიც პორტის ოპერაციების გამარტივებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით არის შექმნილი.


საერთაშორისო ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი [შუა დერეფანი] ევროპასა და აზიას ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს. მარშრუტი გამოიყენება კონტეინერების გადაზიდვისთვის, რომელიც მოიცავს როგორც რკინიგზას, ასევე, საზღვაო ტრანსპორტს.