მოსკოვშში, ავტომობილში ბომბის აფეთქების შედეგად, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გამომძიებლების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ძირში იყო დამონტაჟებული.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა,“ - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა.
გამოძიება დაწყებულია მკვლელობის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით დანაშაული ორგანიზებულია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. უკრაინულ მხარეს ამ ვერსიაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი.
2024 წლის დეკემბერში მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.