მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი, დაიღუპა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საგზაო-საპატრულო სამსახურის ორმა თანამშრომელმა მოსკოვის სამხრეთ ნაწილში მდებარე ელეცის ქუჩაზე, პოლიციის მანქანასთან „საეჭვო პირი“ შენიშნა და როდესაც ისინი ეჭვმიტანილს დასაკავებლად მიუახლოვდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. პოლიციის ორივე თანამშრომელი და მათ გვერდით მყოფი პირი დაიღუპნენ. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, მესამე დაღუპული ეჭვმიტანილი პირია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით.


BBC-ის ცნობით, აფეთქება იმ ადგილის სიახლოვეს მოხდა, სადაც ორშაბათს, დედაქალაქში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსი გენერალი დაიღუპა. უცნობია, ერთმანეთთან კავშირშია თუ არა ეს ორი აფეთქება.


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მაღალჩინოსანი, ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი იყო მესამე სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსეთის დედაქალაქში ბომბების აფეთქებების შედეგად დაიღუპა.