მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციას აფასებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მაღალჩინოსანი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკის შენობაზე მომხდარ თავდასხმას.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის, რაც ხალხმა გუშინ იხილა, საქართველოში არცერთი ხელისუფლების პერიოდში არ იყო წარმოსადგენი, მათ შორის არც ედუარდ შევარდნაძის მმმართველობის დროს.

"ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდების და კრიმინალების ჰიბრიდი". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

ენმ-ს ლიდერის თქმით, მაშინ, როდესაც ყაჩაღი თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული, სავარაუდოდ, გატაცებული მანქანით ქუჩაში გადაადგილდებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია დაკავებული იყო იმით, რომ ეკონტროლებინა სიტუაცია ზუგდიდში, სადაც ენმ-ს აქცია იყო დაგეგმილი.

"მთელი სუს-ი და პოლიცია გადართული იყო იმაზე, "მარშუტკა" არავის არ წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ აღარ ეცალათ ნამდვილად მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და არ ეცალათ კრიმინალისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტი მომხდარს "წარმოუდგენლად" აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრული დაუცველობის განცდა აქვთ, როგორც ჯანმრთელობის და ფინანსური კუთხით, ისე ფიზიკურადაც.

"ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი ეს პერიოდი მოგვიწოდებდა, გაგებით მოვკიდებოდით კრიმინალს, ეს ყველაფერი გააკეთა იმან, ვინც მოვიდა რამდენიმე თვის ბავშვის მკვლელობით ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი უნდა ლოგიკურად დასრულდეს რამდენიმე დღეში, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც მოხდა გუშინ, მიიღებს ბევრად უფრო მასშტაბურ და გავრცელებულ ხასიათს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ, საქართველო ამას არ დაუშვებს, ქართველი ხალხი იმსახურებს ნორმალურ პირობებში ცხოვრებას". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა, გაიქცა, მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი კი გაათავისუფლა.