ირანის რამდენიმე ადგილას ანტისამთავრობო მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივი შეტაკებები მოხდა, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული არეულობის ტალღა მე-11 დღეა, გრძელდება.
BBC-ის ცნობით, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაძაბული დაპირისპირება, ფონზე კი, სროლის ხმა ისმის.
მედიის ცნობით, რამდენიმე სხვა ტერიტორიიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალები იარაღს და ცრემლმდენ გაზს ისვრიან მომიტინგეების მიმართულებით, რომელთაგან ზოგიერთი ქვებს ისვრის.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, საპროტესტო აქციები 31-ვე პროვინციის 111 ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, არეულობის დროს სულ მცირე 34 მომიტინგე და დაცვის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 2200 მომიტინგე დააკავეს.