საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, ეკიპაჟის წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
სააგენტო აცხადებს, რომ ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის, საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია; ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე.
„არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებულ იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 იანვარს დაადასტურა, რომ ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები და ამერიკული მხარისგან მოითხოვენ მათ მიმართ ჰუმანურ და ღირსეულ მოპყრობას, უფლებების დაცვას და სამშობლოში სწრაფად დაბრუნებას.
შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, სანქციების დარღვევისთვის ტანკერის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლით გათვალისწინებულ ბრალს წაუყენებენ.
ბონდის ინფორმაციით, Bella 1-ს ნავთობი გადაჰქონდა ვენესუელიდან და ირანიდან. გენერალური პროკურორის თანახმად, სანქციების დარღვევის გარდა ტანკერის ეკიპაჟი არ დაემორჩილა აშშ-ის სანაპირო დაცვის მოთხოვნას და გაქცევა სცადა.
ცნობისთვის, ცნობისთვის, ტანკერი „მარინერა“, რომელიც გავრცელებული ცნობით, რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა, აშშ-ის სამხედროებმა 7 იანვარს დააკავეს. ამ გემის სახელწოდება წარსულში იყო „ბელა 1“ და ის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი ირანული, ვენესუელური და რუსული ნავთობის გადაზიდვის გამო.
- ამერიკამ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა
- თეთრი სახლის განცხადებით, დაკავებული გემის ეკიპაჟი შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს