თეთრი სახლის განცხადებით, დაკავებული გემის ეკიპაჟი შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საჭირო თუ იქნება, დღეს დაკავებული გემის ეკიპაჟს აშშ-ში ჩაიყვანენ სასამართლოსთვის.


"დილით ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთში დაკვირვების შემდეგ, გემი იქნა დაკავებული ორდერით, რომელიც აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ გასცა," - განაცხადა ლევიტმა.

მისი თქმით, გემი ვენესუელის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილი იყო, რომელსაც სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა და "აშშ ამ პრეზიდენტის პირობებში ამას არ შეეგუება."


"სასამართლო ორდერი გემზე მყოფი ეკიპაჟის დაკავებისთვის გაიცა, რაც ნიშნავს, რომ ეკიპაჟი ახლა სუბიექტია ფედერალური კანონის ნებისმიერი დარღვევის გამო გასამართლებისთვის და საჭირო თუ იქნება, მათ აშშ-ში ჩამოვიყვანთ ამ გასამართლებისთვის," - განაცხადა ლევიტმა.


თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ ნავთობის ტანკერის დაკავებას ეხმაურება. სამინისტრო მოითხოვს, აშშ-მ უზრუნველყოს „მარინერას“ ბორტზე მყოფი რუსების მიმართ „ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა.“


სამინისტროს განცხადებით, აშშ-მ არ უნდა შეუშალოს ხელი მათ „სწრაფ დაბრუნებას“ სამშობლოში. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მიერ ტანკერის დაკავება საზღვაო სამართლის დარღვევაა და მოუწოდებენ შტატებს, უზრუნველყოს ეკიპაჟის სწრაფი დაბრუნება სამშობლოში.


BBC-ის ცნობით, თეთრი სახლიეს სპიკერი ლივიტი ამბობს, რომ გემი, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება „ბელა 1“-ს უწოდებს, „ყალბი დროშის აფრიალების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სტატუსის არმქონედ იქნა მიჩნეული.“


ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ რუსეთსა და ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერის დაკავებაში დიდი ბრიტანეთიც მონაწილეობდა. 

სამინისტროს ინფორმაციით, მხარდაჭერა მოიცავდა წინასწარ დაგეგმილ ოპერატიულ მხარდაჭერას, მათ შორის, აშშ-ის სამხედრო აქტივების ბაზირებას. 


ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა „საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში“ იყო. 


მინისტრმა ჯონ ჰილიმ აღნიშნა, რომ გემს „საძაგელი ისტორია“ ჰქონდა და რუსეთ-ირანის სანქციების გვერდის ავლის ღერძის ნაწილი იყო, რომელიც ტერორიზმს, კონფლიქტსა და უბედურებას აღვივებს ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე.


უფრო ადრე, „თაიმსი“ წერდა, რომ დიდ ბრიტანეთში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიც ჩაფრინდნენ. გამოცემის ცნობით, ორ ბაზაზე, სულ მცირ,ე 11 ერთეული C-17 Globemaster სატრანსპორტო თვითმფრინავისა და ორი მძიმედ შეიარაღებული AC-130J Ghostrider საბრძოლო ხომალდისგან შემდგარი ფლოტი დაეშვა.