საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხოლმალდები შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს (SNMG2) მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შენაერთის შემადგენლობაშია: საფლაგმანო ხომალდი "CRISTOBAL COLON" (ესპანეთი), "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს.

"საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით NATO-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.

შენაერთის ვიზიტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები კი მხოლოდ ხომალდების მანევრებს ითვალისწინებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.

NATO-ს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ", - ნათქვამია განცხადებაში.