რომის პაპმა ლეონ XIV-ემ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული პრინციპი, რომელიც ერებს უკრძალავდა ძალის გამოყენებას სხვისი საზღვრების დარღვევისთვის, სრულიად დაირღვა.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ომი კვლავ მოდაშია. ვატიკანში დიპლომატებისთვის გაგზავნილ საახალწლო მიმართვაში, რომის პაპი ამბობს, რომ დიალოგს „ძალაზე დაფუძნებული დიპლომატია“ ცვლის.
„მშვიდობა აღარ განიხილება, როგორც საჩუქარი და სასურველი სიკეთე თავისთავად. სამაგიეროდ, იარაღით ეძებენ მშვიდობას, როგორც საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების პირობას.
ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, რომელიც ყველა მშვიდობიანი სამოქალაქო თანაარსებობის საფუძველია,“ – განაცხადა რომის პაპმა.
მას კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში მზარდი დაძაბულობა „სერიოზული შეშფოთების მიზეზია.“
რომის პაპი „ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემისა და ყველას ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის“ მოწოდებით გამოვიდა.
France 24 წერს, რომ პაპის მიმართვაში შეჯამდა გლობალური დაძაბულობის ზრდის წელი, რუსეთ-უკრაინის ომიდან დაწყებული, რამდენიმე ქვეყანაში აშშ-ის დარტყმებითა და ამერიკის მიერ გრენლანდიაზე შესაძლო კონტროლის მოპოვების შიშით დამთავრებული. მისი თქმით, საავადმყოფოების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სახლებისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი ადგილების განადგურება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის „სერიოზული დარღვევაა.“
მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ახსოვდეთ, რომ ადამიანის ღირსებისა და სიცოცხლის სიწმინდის დაცვა „ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ ეროვნული ინტერესი.“ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების გახსენებით, პაპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მიმართ და წუხილი გამოთქვა დასავლეთ სანაპიროზე მზარდი ძალადობის გამო.