ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელს სურთ ირანში "ქაოსი და უწესრიგობა" და ამ მიზნით "არეულობას" იწვევენ. მან ირანელებს მოუწოდა, თავი შორს დაიჭირონ "არეულობის მომწყობებისგან და ტერორისტებისგან."
„რა სახის პროტესტია ეს? რა სახის გზავნილია ეს, რომელიც ხალხის გულებში სიძულვილს ნერგავს? ამერიკა და ისრაელი იქ სხედან და ეუბნებიან მათ, გააგრძელონ, ეუბნებიან: „ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“. იგივე ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანაში ბავშვებსა და ჩვილებს ხოცავდნენ, ამ მეამბოხეებს ეუბნებიან, გაანადგურონ და დაწვან,“ - აღნიშნა პეზეშკიანმა.
„არ მოგატყუონ ამ მეამბოხეებმა და ტერორისტებმა. ვეუბნები ოჯახებს, რომ არ მისცენ მათ ახალგაზრდებს მეამბოხეებსა და ტერორისტებთან შეერთების უფლება. ეს ხალხი გაწვრთნილია,“ - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს ხალხი ირანს არ ეკუთვნის. ხელისუფლება მზად არის მოუსმინოს იმ ადამიანების პროტესტს, რომლებიც ირანს ეკუთვნიან.
„ეს ხალხი ამ ქვეყანას არ ეკუთვნის. თუ ვინმე ამ ქვეყანას ეკუთვნის, გააპროტესტოს და ჩვენ მოვისმენთ მათ პროტესტს, მოვუსმენთ და მოვაგვარებთ მას. ისინი ადგილზე ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, ცეცხლს უკიდებენ ყველაფერს. ეს მიუღებელია. „ესენი არიან ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ გაწვრთნეს. მათ რაშდსა და სხვა ქალაქებში ბაზრები დაწვეს. მეჩეთებსა და კულტურულ ადგილებს ცეცხლი წაუკიდეს,“ - განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
აშშ-ში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 466-მდე გაიზარდა. საპროტესტო აქციებმა, რომლებიც ირანული ვალუტის გაუფასურების გამო გამოწვეული უკმაყოფილებით დაიწყო, ირანის 31 პროვინციის 185 ქალაქი და დასახლება მოიცვა. პარალელურად, 65 საათზე მეტია, რაც ირანში ინტერნეტი გათიშულია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.