აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტში მიიღებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს.
შეხვედრა ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზეა დაგეგმილი. მოგვიანებით მათ შეუერთდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ალისონ ჰუკერი, შემდეგ კი, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბიუროს უფროსი წევრი ბრენდან ჰანრაჰანი.
„მხარეები გეგმავენ ერთობლივი განცხადების მიღებას [ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის] TRIPP-ის განხორციელების ჩარჩოს შესახებ,“ - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში, რომლის თანახმად, მირზოიანის სამუშაო ვიზიტი ორდღიანია.
ამასთან, აშშ-ის სავაჭრო და განვითარების სააგენტოს (USTDA) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ევრაზიის რეგიონული დირექტორის კარლ კრესის ხელმძღვანელობით, ამერიკული დელეგაცია აზერბაიჯანის შემდეგ, სომხეთს ეწვევა.
დელეგაცია ორშაბათს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა მიიღო. მათ განიხილეს პროექტის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების პერსპექტივები.
სააგენტოს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მოიცავს საქართველოში, აგრეთვე ბოსნია - ჰერცეგოვინაში არსებული შესაძლებლობების შესწავლას, რომლებიც მიმართული იქნება სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე კარლ კრესს შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე, მისი განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, აგრეთვე, ამ პროცესში ამერიკული სააგენტოს მიერ ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობებზე.
"ხაზი გაესვა ისეთი რეგიონული ინიციატივების განვითარების მნიშვნელობას, როგორიცაა CAREC (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა), TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფანი), ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელი და სხვ. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, რომელთა სრულად ამოქმედება გაზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო ჰაბის განვითარებას.
ასე პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის დასრულება, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის სრულად ამოქმედება, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და სხვ.
შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ისეთ პროექტებზე, რომლებიც ზრდიან საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარს დააკავშირებს.
აშშ - ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს მხრიდან გამოითქვა დაინტერესება იმ პროექტების მიმართ, რომლებიც მიმართულია შუა დერეფნის შემდგომ განვითარებაზე," - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.