ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა შეწყვიტა. ამის შესახებ Reuters-ი გაზეთი „კომერსანტზე“ დაყრდნობით წერს, რომელიც ინფორმირებულ წყაროს ეყრდნობა.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა, რომ პრიორიტეტი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა, თუმცა შეთანხმებული პირობების მიხედვით, შესაძლოა, ჩინეთისთვის მიწოდება განახლდეს.
სააგენტო წერს, რომ გაურკვეველია, მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილებას ჩინეთი ხელმძღვანელობდა თუ რუსეთი.
„ამჟამად მხარეები აქტიურად იკვლევენ ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობებს,“ - ნათქვამია INTERRAO-ს [რუსეთის ელექტროენერგიის მიმწოდებელი ჩინეთში] განცხადებაში.
„ჩინურ მხარეს, რომელთანაც მუდმივ კონტაქტზე ვართ, ასევე არ გამოუთქვამს რაიმე ინტერესი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე,“ - აცხადებენ კომპანიაში.
გაზეთმა „კომერსანტმა“ ელექტროენერგიის შეჩერება რუსეთში ელექტროენერგიის ფასების ზრდას დაუკავშირა.
„ინტერრაო“ ჩინეთს ელექტროენერგიას, შორეულ აღმოსავლეთში სახელმწიფოთაშორისი გადამცემი ხაზების მეშვეობით, გრძელვადიანი კონტრაქტით ამარაგებს.
2012 წელს ხელმოწერილი კონტრაქტი ჩინეთისთვის, 25 წლის განმავლობაში, დაახლოებით 100 მილიარდი კილოვატ-საათის მიწოდებას ითვალისწინებს.
2023 წელს ჩინეთში ექსპორტი 3.1 მილიარდ კილოვატ-საათამდე შემცირდა. 2024 წელს კი, 0.9 მილიარდ კილოვატ-საათამდე კიდევ უფრო შემცირდა.
„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ექსპორტის განახლება შესაძლებელია, თუ ჩინეთი წარადგენს მოთხოვნას, რომელსაც თან ახლავს ორმხრივად მომგებიანი შეთანხმება.
ცნობისთვის, ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა 2025 წელს 2024 წლის რეკორდულ დონესთან შედარებით შემცირდა, რაც ხუთი წლის განმავლობაში პირველი კლებაა.