რა მოცულობის რუსული ფინანსური აქტივებია გაყინული აშშ-ში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს, 21 იანვარს, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, შეერთებულ შტატებში გაყინული სუვერენული აქტივებიდან ერთი მილიარდი აშშ დოლარი გადასცეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს.“


ასევე, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, რუსეთსა და უკრაინას შორის ჰიპოთეზური სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ, შეიძლება, „გამოიყენოს საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად.“


პუტინმა არ დააკონკრეტა, რომელ ტერიტორიებს გულისხმობდა - უკრაინის კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიებს თუ ომის დროს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. გაურკვეველია, თანახმაა თუ არა ის "მშვიდობის საბჭოს" წევრობაზე. 


„აშშ-ში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული,“ - განაცხადა პუტინმა. 


პუტინის თქმით, ხსენებულ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავს.


ხუთშაბათს, პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებების დროს, პუტინმა გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარის გამოყენების ინიციატივა გაახმოვანა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ინიციატივისთვის თანხის შეწირვა „პალესტინელ ხალხთან განსაკუთრებული ურთიერთობის“ გამო.


„რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას "მშვიდობის საბჭოში", რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა შეისწავლოს ჩვენ მიერ მიღებული დოკუმენტები, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აწარმოოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გავცეთ პასუხი ჩვენდამი გაგზავნილ მოწვევას,“- განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე. „მშვიდობის საბჭოს“ წესდებაში ნათქვამია, რომ მუდმივმა წევრებმა საბჭოსთვის 1 მილიარდი დოლარი უნდა გაიღონ.



კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი აშშ-ის ხელისუფლების მიერ აქტივების განბლოკვას მოითხოვს და რომ რუსეთი კვლავ უკანონოდ მიიჩნევს მისი აქტიგვების გაყინვას.


გასული წლის დეკემბერში, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სარჩელი შეიტანა და Euroclear-ისგან 230 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა, ევროკავშირის მიერ აქტივების გაყინვის განუსაზღვრელი ვადით გამოცხადებისა და უკრაინის დასაფინანსებლად აქტივების კონფისკაციის წინადადებების საპასუხოდ.


Reuters-ის წყაროებმა გასულ წელს განაცხადეს, რომ რუსეთი ღიაა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გაყინული სუვერენული აქტივების გამოყენების იდეისთვის, თუმცა დაჟინებით მოითხოვს, რომ თანხის ნაწილი მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაიხარჯოს.


რა რაოდენობის რუსული ფულია გაყინული აშშ-ში?


ცენტრალურმა ბანკმა 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული თავისი აქტივების შესახებ ბოლო ყოვლისმომცველ ანგარიშში განაცხადა, რომ მისი 613 მილიარდი დოლარის ოქროსა და ვალუტის რეზერვების დაახლოებით 11%, ანუ დაახლოებით 67 მილიარდი დოლარი, დოლარში დენომინირებულ აქტივებში იყო განთავსებული.


დოლარში დენომინირებული აქტივების შენახვა მხოლოდ აშშ-ში განთავსებულ დეპოზიტარებშია შესაძლებელი. ცენტრალური ბანკის შეფასებით, რუსეთის სუვერენული ფონდებიდან დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი დასავლეთის ქვეყნების მიერ არის გაყინული.


ამ აქტივების უმეტესობა ევროპაშია გაყინული და ბელგიის დეპოზიტარ Euroclear-ში ინახება. 2023 წელს „შვიდეულის ჯგუფის“, ევროკავშირისა და ავსტრალიის მიერ შექმნილმა „რუსეთის ელიტების, მარიონეტებისა და ოლიგარქების“ (REPO) სამუშაო ჯგუფმა გაყინული რუსული სუვერენული აქტივები 280 მილიარდ დოლარად შეაფასა. Axios-მა 2023 წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუშაო ჯგუფმა აშშ-ში გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივებიდან მხოლოდ 5 მილიარდი დოლარი გამოავლინა. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ გაყინული აქტივების გეოგრაფიულ განაწილებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.