აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი მოაწერა.
დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი თანადამფუძნებელი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად მოაწერა.
„საბჭოს პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო გახდეს,“ - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი „მშვიდობის საბჭო“ ითანამშრომლებდა გაეროსთან.
ტრამპის თქმით, საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება.
„წერილები რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ. აქ მხოლოდ ის ქვეყნებია, რომლებიც შემთხვევით დავოსში იმყოფებიან,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, თურქეთის, ბულგარეთის, კოსოვოს, ინდონეზიის, საუდის არაბეთის, უნგრეთის და არგენტინის [ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები], ასევე, სხვა ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მანამდე მიიღეს ტრამპის მოწვევა "მშვიდობის საბჭოში" გასაწევრიანებლად.

ღონისძიებას არ ესწრებოდა რამდენიმე ქვეყნის ის ლიდერი, რომელიც მიწვევვას დათანხმდა, მათ შორის, ალექსანდრე ლუკაშენკო. წესდებას ხელი სულ 19-მა სახელმწიფომ მოაწერა, საბჭოს თავმჯდომარე თავად დონალდ ტრამპი გახდა.
ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას დათანხმდა.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რატომ მიიწვია აღნიშნულ საბჭოში რუსეთი?
როგორც ტრამპმა აღნიშნა, საბჭოში რამდენიმე სადავო ადამიანია, თუმცა ისინი არიან, ვინც საქმეს აკეთებენ.
„ჩვენ გვინდა ყველა ქვეყანა. ყველა ქვეყანა, სადაც ხალხს აქვს ძალა. ამ გზით არასდროს შეგვექმნება პრობლემა. ეს არის ყველაზე დიდი საბჭო, რომელიც ოდესმე შეკრებილა. დიახ, რამდენიმე სადავო ადამიანი მყავს მასში, მაგრამ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქმეს აკეთებენ. ასე რომ, ის მოწვეული იყო. მან ეს მიიღო,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა კითხვის საპასუხოდ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მიღებული დოკუმენტის შესწავლისა და პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდ დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ გადასცეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ძალიან ძნელი“ იქნება რუსეთის გვერდით ყოფნა და საბჭოს წევრობა.
ლონდონმაც გამოხატა შეშფოთება საბჭოში პუტინის მიწვევაზე. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სპიკერმა განაცხადა: „უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში პუტინი არის აგრესორი და მან არაერთხელ აჩვენა, რომ სერიოზულად არ უდგება მშვიდობის დამყარებას.“
ჩინეთი სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამს ტრამპის მშვიდობის საბჭოს მიმართ. ჩინეთისთვის შემაშფოთებელია, რომ ტრამპს შეიძლება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩანაცვლება სურს. აშშ-ის პრეზიდენტს ამ კვირის დასაწყისში ჰკითხეს, შეეძლო თუ არა ამის გაკეთება და მან უპასუხა: შეიძლება.“ პეკინი გაეროს დამფუძნებელი წევრია. ის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, რაც ხელს უწყობს მისი, როგორც მსოფლიო ძალის სტატუსის განმტკიცებას.