ტრამპი: თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ტრამპმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს „გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების დაცვისთვის.“


  • „ეს საშინელი ომი იყო, 8 ომიდან ერთ-ერთი, რომელიც მე დავასრულე, მაგრამ ახლა კეთილდღეობა და მშვიდობა გვაქვს,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

„თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწვევა, რათა გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-ი),“ - დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.



აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ გააძლიერებს:

  • „სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან;
  • მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესანიშნავ შეთანხმებას სომხეთთან;
  • ნახევარგამტარების დიდი მწარმოებლებისთვის ჩვენს შეთანხმებებს;
  • აშშ-ში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის, - ჯავშანჟილეტების, ნავებისა და ა.შ. - აზერბაიჯანში გაყიდვას.“

ჯერჯერობით ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია. ვენსი 6 თებერვალს მილანში მიემგზავრება, 13 თებერვალს კი, მიუნხენში ჩავა.


ცნობისთვის, გასულ კვირაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები დათანხმდნენ დონალდ ტრამპის მიერ ღაზის სექტორის აღსადგენად ინიციირებული „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად მიწვევას.

22 იანვარს, დავოსში, ალიევმა და ტრამპმა დავოსში შეხვედრა გამართეს.