22 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის დროს ლიდერები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში.
მხარეებმა „ხაზი გაუსვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ისტორიულ როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლისკენ მიმართული შეთანხმებების ხელშეწყობაში, რომლებიც გასული წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში იქნა მიღწეული.“
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე; ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა უკვე დამყარებულია და აღნიშნა, რომ ეს, სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაშიც აისახება; ამ მხრივ, მან ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტზე, ასევე იმპორტირებული მარცვლეულის ტრანზიტზე სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით.“
მხარეებმა ხაზი გაუსვეს „ზანგეზურის დერეფნის, მათ შორის, პროექტ TRIPP-ის მნიშვნელობას რეგიონული კავშირებადობის გაძლიერების კუთხით“ [სომხეთი ტერმინ „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენებას აპროტესტებს].
შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც ლიდერებმა, - კიდევ 16 ქვეყნის ლიდერთან ერთად, - ხელი მოაწერეს „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას. პირისპირი შეხვედრის დროს ამ საკითხზეც ისაუბრეს.
„აზერბაიჯანის მიწვევა „მშვიდობის საბჭოში“ დამფუძნებელ სახელმწიფოდ, შეფასდა, როგორც აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოხატულება და იმ როლის აღიარება, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის ხელშეწყობაში ასრულებს. პრეზიდენტებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე და აღნიშნეს ორმხრივი ვიზიტებისა და სხვადასხვა დონეზე კონტაქტების როლი ამ კავშირების გაღრმავებაში,“ - წერს აზერბაიჯანული მედია.
13 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც, გამოაქვეყნეს „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება.“ დაგეგმილია შეიქმნას „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ - TDC, რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს.
- რა თქვეს ბაქომ და ერევანმა სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით
- ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს
ცნობისთვის, ალიევი 21 იანვარს დავოსში ასევე შეხვდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს.
„შეხვედრაზე გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის შესახებ. ამავდროულად, განიხილეს თანამშრომლობა ენერგეტიკის, რეგიონული სატრანსპორტო კავშირის, ჰუმანიტარული განაღმვისა და სხვა სფეროებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანის წვლილს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.
მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის ძალისხმევას ჰუმანიტარული განაღმვის სფეროში, ასევე, ნახიჩევანის რკინიგზის ხაზის აღდგენასთან დაკავშირებულ პროექტებში. საუბრისას ხაზი გაესვა, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მნიშვნელოვანი პერსპექტივები არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს,“ წერს აზერბაიჯანული მედია.
მარტა კოსის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.
„ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოების მიზნით მუშაობის გაძლიერებაზე შევთანხმდით“, - წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ზე.