ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა.


ბროდოვიჩი უკრაინელი დიპლომატი და ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.


ის 1996 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული სტამბოლში; უკრაინის გენერალური კონსული კრაკოვში.


2015 წლიდან 2022 წლამდე ბროდოვიჩი იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიაში. 


ცნობისთვის, უკრაინის ელჩის თანამდებობა საქართველოში 2022 წლიდან ვაკანტურია.


2025 წლიდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობას საქართველოში რომან იაკოვენკო იკავებდა. 


რომან იაკოვენკოს წინამორბედი მიხაილო ხარიშინი კი, 2024 წლის 8 სექტემბერს გაიწვია უკრაინის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ.


უკრაინამ საქართველოდან თავისი ელჩი იჰორ დოლჰოვი 2022 წლის 2 მარტს გაიწვია და მას შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დაბალ დონეზეა.