საქართველომ საერთაშორისო საზღვაო სწავლება Phoenix Express 2026-ში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის აფრიკული სარდლობის (U.S. AFRICOM) მიერ ორგანიზებულ და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) კოორდინაციით განხორციელებულ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express-ში მიიღეს მონაწილეობა.


სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკის ქალაქ ტუნისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწავლების პერიოდში სასწავლო მართვის ცენტრში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებულ ამოცანების შესრულებას.


„Phoenix Express-ი – საერთაშორისო საზღვაო სწავლება მიზნად ისახავდა აშშ-ის, აფრიკელი პარტნიორების, მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საზღვაო და სამართალდამცავ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას. სწავლების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო NATO-ს პროცედურების, ტერმინოლოგიისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში მართვის მოდელის ათვისებას. სწავლება ფოკუსირებული იყო საზღვაო აღკვეთ ოპერაციებზე, ინფორმაციის ეფექტიან გაზიარებასა და კოორდინირებულ პატრულირებაზე, რაც ხელს უწყობს რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში 12 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.


ამასთან, ამერიკის საელჩოს ცნობით, საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც პრესტიჟულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა.


„ეს წვრთნები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს კოლექტიურ მზადყოფნას ზღვაზე უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მშვიდობა უზრუნველყოფილია სიძლიერითა და მტკიცე პარტნიორობით,“ - წერს თავის მხრივ, აშშ-ის საზღვაო ძალები სოციალურ ქსელში.