ნოდარ მელაძემ სახელმწიფო დაცვაზე უარი თქვა

ნოდარ მელაძემ სახელმწიფო დაცვაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვეს, სადაც გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებული. მათი თქმით, მიმდინარე გამოძიება არის ფორმალური ხასიათის.

როგორც მელაძემ აღნიშნა, ჟურნალიტებისთვის მთავარი დაცვა არის თავისუფალი სიტყვა, რომლითაც ისინი მაუწყებლობენ ეთერში. შესაბამისად მას არასდროს ჰყოლია დაცვა და არც ეყოლება.

"მამალაძის ინტერვიუდან გამომდინარე, შემოგვთავაზეს სახელმწიფო დაცვის სამსახური, რაზეც უარი ვთქვით. მათ განგვიმარტეს, რომ ამ საქმეზე მტკიცებულებად აქვთ, მხოლოდ ლევან მამალაძის ინტერვიუ. სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ დაგვარწმუნებდა მყისიერი საფრთხის შესახებ, ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. აქედან გამომდინარე ჩვენ გვრჩება განცდა, რომ ამის მიზანია ჩვენი, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტების კონტროლი, თუ სად გადავაადგილდებით, ვის ვხვდებით და როგორ ვმუშაბთ. შესაბამისად, ჩვენ დაცვაზე ვთქვით უარი", - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევან მამალაძემ "იმედის" ეთერში თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გეგმავენ საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას. როგორც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, მას ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.