ევროპარლამენტის წევრის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, მზად არის სრულად ჩაერთოს პოლიტიკური მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და ყველა მხარის პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. აღნიშნულის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის გლობალური მხარდაჭერის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც კრამონის განცხადებაშია აღნიშნული, ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკური პარტიას, რომ დებატების მთავარი განსახილველი საგანი იყოს მოქალაქეების ინტერესები.
„ევროპარლამენტი აქტიურად არის დაკავებული საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, ამიტომ, მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მის მუდმივ სამედიატორო მცდელობებში. მასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მაქვს.
ევროკავშირის შუამავლობის მცდელობების წარმატება დამოკიდებულია ევროკავშირის ინსტიტუტებზე, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების მიზნით.
როგორც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფში (DEG) წამყვანი წევრი, მზად ვარ სრულად ჩავერთო საპარლამენტო მედიაციის მცდელობებში, საქართველოს პარლამენტთან და ყველა მხარის პოლიტიკურ პარტიებთან ერთად.
ევროპარლამენტისათვის შუამავლობის პროცესში ჩართვისთვის აუცილებელია თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პოლიტიკური კლიმატის შექმნა.
მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დებატების ცენტრში მოაქციეთ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები და პატივი ეცით მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს", - ნათქვამია განცხადებაში.