„მივიღეთ გადაწყვეტილება თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ - განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან.


მინისტრის თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.


„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების კვლევით მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებით ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.


ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს,“ - განაცხადა მიქანაძემ.


გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ამით არ შემცირდება სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა. მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი.“ უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა.