რა მოხდება, თუ აშშ ირანს დაარტყამს - შვიდი სცენარი

წყარო - BBC


როგორც ჩანს, აშშ ირანს რამდენიმე დღეში დაარტყამს. პოტენციური სამიზნეები დიდწილად პროგნოზირებადია, შედეგები არ ვიცით. 


თუ თეირანთან ბოლო წუთს შეთანხმებას ვერ მიაღწევენ და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ძალებს შეტევის ბრძანებას მისცემს, მაშინ რა შედეგები შეიძლება, მივიღოთ?


პირველი სცენარი გულისხმობს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალების მიერ შეზღუდულ, ზუსტ დარტყმებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა (IRGC) და მის დაქვემდებარებაში მყოფი ბასიჯის სამხედრო ბაზებზე, ბალისტიკური რაკეტების გაშვებისა და შენახვის ობიექტებზე, აგრეთვე, ბირთვულ პროგრამაზე.


ამის შედეგად უკვე შესუსტებული რეჟიმი დაემხობა და ქვეყანა, საბოლოოდ, დემოკრატიულ მმართველობაზე გადადის, რაც ირანს საშუალებას მისცემს, მსოფლიო საზოგადოებას დაუბრუნდეს.


თუმცა ეს უკიდურესად ოპტიმისტური სცენარია. დასავლეთის სამხედრო ჩარევამ ერაყსა და ლიბიაში დიქტატურები დაამხო, მაგრამ დემოკრატიისკენ მშვიდობიანი გარდაქმნა ვერ უზრუნველყო — ამას მოჰყვა ხანგრძლივი ქაოსი და ძალადობა. შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა სირიამ, რომელმაც 2024 წელს, დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე, დაამხო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი.


მეორე სცენარი - რეჟიმი გადარჩა, თუმცა ის პოლიტიკას ცვლის 


ეს არის „ვენესუელის მსგავსი მოდელი”: სწრაფი, ძლიერი აშშ-ის ჩარევა ცვლის რეჟიმს, მაგრამ ახდენს მისი პოლიტიკის მოდერნიზებას.


ირანის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ისლამური რესპუბლიკა რჩება, რაც ბევრ ირანელს არ დააკმაყოფილებს, მაგრამ აიძულებს მას, შეწყვიტოს ძალადობის მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში, შეამციროს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამები და შეამსუბუქოს საპროტესტო მოძრაობების წინააღმდეგობის პოლიტიკა. თუმცა ეს სცენარი ნაკლებ სავარაუდოა: რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უკვე 47 წელია, ცვლილებებს მტკიცედ ეწინააღმდეგება.


მესამე სცენარი - რეჟიმი დანგრეულია, მის ადგილზე სამხედრო წესრიგი მყარდება 


ბევრი ამას ყველაზე სავარაუდო სცენარად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ბევრისთვის მიუღებელია და საპროტესტო ტალღები ყოველ წელს მას კიდევ უფრო ასუსტებს, ქვეყანაში მაინც არსებობს უზარმაზარი და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების მოქმედი სისტემა, რომლის წარმომადგენლებს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება აწყობთ.


საპროტესტო მოძრაობების მიერ რეჟიმის დამხობის წარუმატებელი მცდელობის მიზეზები იმაში მდგომარეობს, რომ საპროტესტო მოძრაობის მხარეს არ გადასულან რეჟიმის წარმომადგენლები და ხელისუფლებაში მყოფები მზად არიან, გამოიყენონ შეუზღუდავი ძალა და სისასტიკე, რათა დარჩნენ ხელისუფლებაში. აშშ-ის დარტყმების შედეგების ფონზე, ქაოსში, შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ირანი გადავიდეს ძლიერ სამხედრო მმართველობაზე, რომელიც ძირითადად, IRGC-ს წევრებით იქნება დაკომპლექტებული.


მეოთხე სცენარი - ირანი შურს იძიებს და აშშ-ის ძალებსა და მეზობლებს თავს დაესხმება


ირანმა პირობა დადო, რომ აშშ-ის ნებისმიერ თავდასხმას უპასუხებს და რომ „ჩახმახზე აქვს ხელი მიჭერილი.“ 


ცხადია, ის ვერ შეედრება აშშ-ის საზღვაო და საჰაერო ძალების ძალას, თუმცა მას მაინც შეუძლია, შეტევა განახორციელოს ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების არსენალით, რომელთა უმეტესობაც გამოქვაბულებში, მიწისქვეშეთში ან შორეულ მთის ფერდობებზეა გადამალული.


აშშ-ის ბაზები და ობიექტები განლაგებულია ყურის არაბულ მხარეს, განსაკუთრებით, ბაჰრეინსა და კატარში, მაგრამ ირანს შეუძლია, აირჩიოს - სარაკეტო თავდასხმები მიიტანოს ნებისმიერ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე იმ ქვეყნებში, რომლებიც მისი აზრით, მონაწილეობდნენ აშშ-ის თავდასხმაში, მაგალითად - იორდანიაში.


2019 წელს Saudi Aramco-ს ნავთობქიმიურ ობიექტებზე გამანადგურებელი რაკეტებისა და დრონების თავდასხმამ, რომელიც ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ძალებს მიეწერებოდა, საუდის არაბეთის ხელისუფლებას აჩვენა, რამდენად დაუცველები იყვნენ ისინი ირანული რაკეტების წინაშე. ყურის არაბი მეზობლები, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეები არიან, ამჟამად უკიდურესად შეშფოთებულნი არიან, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო მოქმედება საბოლოოდ, მათზე უარყოფით გავლენას მოახდენს.


მეხუთე სცენარი - ირანი საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში ნაღმების დამონტაჟებას გეგმავს.


ეს დიდი ხანია, განიხილებოდა, როგორც გლობალური გადაზიდვებისა და ნავთობის მომარაგების პოტენციური საფრთხე ირან-ერაყის 1980-88 წლების ომის შემდეგ, როდესაც ირანმა მართლაც დანაღმა საზღვაო მარშრუტები და სამეფო საზღვაო ძალების ნაღმმტყორცნებმა უზრუნველყვეს მათი გაწმენდა.


ირანსა და ომანს შორის მდებარე ვიწრო ჰორმუზის სრუტე კრიტიკულ სასაზღვრო პუნქტს წარმოადგენს. ყოველწლიურად, ამ სრუტეში, მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტის დაახლოებით 20% და ნავთობისა და ნავთობის სუბპროდუქტების 20-25% გადის. ირანმა საზღვაო ნაღმების სწრაფი განლაგების წვრთნები ჩაატარა. თუ ის ამას გააკეთებს, ეს მსოფლიო ვაჭრობასა და ნავთობის ფასებზე გარდაუვლად იმოქმედებს.


მეექვსე სცენარი - ირანმა საპასუხო რეაგირება მოახდინა და ამერიკული სამხედრო გემი ჩაძირა


სპარსეთის ყურეში სამხედრო ხომალდზე მყოფმა აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა განგვიცხადა, რომ ირანიდან მომდინარე ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მას ყველაზე მეტად აწუხებს, „ჯგუფური თავდასხმაა.“ მაგალითად, ირანი ერთ ან რამდენიმე სამიზნეზე უშვებს იმდენად ბევრ მაღალი დონის დენთიან დრონსა და სწრაფ „ტორპედოს“, რომ აშშ-ის საზღვაო ფლოტის ძლიერი ახლო დაცვის სისტემა ვერ ასწრებს მათ სრულ და დროულ განადგურებას.


ირანის საზღვაო ეკიპაჟები თავისი მომზადების დროის დიდ ნაწილს უთმობენ არასტანდარტულ ან „ასიმეტრულ“ ომს; ეძებენ გზებს, როგორ დაძლიონ აშშ-ის ფლოტის ტექნიკური უპირატესობა, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. 


მეშვიდეო სცენარი - რეჟიმის კოლაფსი და ქაოსი


ეს რეალური საფრთხეა და ერთ-ერთი მთავარი შეშფოთების საგანია ისეთ მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა, კატარი და საუდის არაბეთი. სამოქალაქო ომის შესაძლებლობასთან ერთად, როგორიც სირიას, იემენსა და ლიბიას ჰქონდათ, არსებობს რისკი, რომ ქაოსისა და დაბნეულობის პირობებში, ეთნიკური დაპირისპირებები შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს, როცა ქურთები, ბალუჯები და სხვა უმცირესობები თავიანთი ხალხის დაცვის მიზნით იმოქმედებენ.


ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანას სიხარულს მიანიჭებდა ისლამური რესპუბლიკის დასრულება, განსაკუთრებით, ისრაელს, რომელმაც რეგიონში ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს უკვე მძიმე დარტყმები მიაყენა და რომელსაც ირანის სავარაუდო ბირთვული პროგრამის გამო, ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება. თუმცა არავის სურს, რომ მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში [დაახლოებით 93 მილიონი ადამიანი] ქაოსში აღმოჩნდეს, რამაც შეიძლება, ჰუმანიტარული და ლტოლვილთა კრიზისი გამოიწვიოს.