ლუკაშენკო: უკრაინას ბელორუსისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რიმ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ მისი კომენტარები გამოწვეული იყო უკრაინის მხრიდან მუქარებით, მათ შორის განცხადებებით, რომ კიევმა ბელორუსში ასობით პოტენციური სამიზნე გამოავლინა და მისი ადგილსამყოფელიც იცოდა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსის მხრიდან სამხედრო ქმედებების მოლოდინი არ უნდა იყოს. 


ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსი სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მოწყვლადია, რადგან ქვეყანა უკრაინელი სამხედროებისთვის „ხელის გულზე“ დევს.


მისი განცხადებით, ბელორუსის ომში ჩაბმის შემთხვევაში, ფრონტის ხაზი 1,5 ათასი კილომეტრით გაიზრდება. „ომის აღნიშნული მიმდინარეობისას ჩვენ ამ მონაკვეთის დაცვას ვერ შევძლებთ,“ - განაცხადა ლუკაშენკომ.


მანვე აღნიშნა, რომ ომში ბელორუსის ჩართვა ნებისმიერ როლში მიუღებელია.


„შესაძლოა, გადავაჭარბე, მაგრამ ეს მისი უადგილო განცხადებების პასუხი იყო: „დიახ, ჩვენ გვაქვს 500 სამიზნე, დიახ, ვიცით, სად არის ლუკაშენკო. ხვალ რაკეტებითა და დრონებით დარტყმას მივაყენებთ.“ ჩუმად ვიყავი. ყველას უკვირდა, რომ ჩუმად ვიყავი. მივხვდი: ეს ადამიანი ზეწოლის ქვეშ იყო, ახალგაზრდა კაცი, გამოუცდელი, ის სამხედრო პირი არაა.


შესაძლოა, თავში რაღაც აერ-დაერია. ჩუმად ვიყავი. მაგრამ როდესაც მათ მუქარა დაიწყეს, იძულებული გავხდი, მეპასუხა. თუ ვოლოდიმირ ალექსანდრეს ძე განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი მას ამ სიტყვებისთვის. შესაძლოა, არ უნდა მეთქვა, იმის გათვალისწინებით, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, ბრძოლაშია. შესაძლოა, ასე მკაცრად არ უნდა მესაუბრა ამაზე. მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გაიგოს: „როგორც მოექცევი, ისე მოგექცევიან,“ - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.


ლუკაშენკოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს.


„უფრო მეტიც, მას შესანიშნავად ესმის, რომ ბელორუსისგან, განსაკუთრებით კი ჩემგან, არანაირი სამხედრო ქმედება არ არის მოსალოდნელი. ის უნდა დამშვიდდეს და მიიღოს რეალობა: არ არის საჭირო ჩემი ან ბელორუსების პროვოცირება. ბელორუსში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ისევე სურს მშვიდობა, როგორც მას და უკრაინელებს,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ.


ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ბელორუსის ტერიტორიაზე 500 სამიზნე აქვს განსაზღვრული. ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ ბელორუსს საფრთხეს დაემუქრებოდა, უკრაინაში „ძალიან სერიოზულ“ სამიზნეს დაარტყამდა.