დღეს, 29 იანვარს, ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა, რათა შეიქმნას საექსპერტო მისია. დამოუკიდებელი მისია დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს.
ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.
შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„როგორც ეუთოს წევრმა ქვეყანამ, საქართველომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებები აიღო.
მან, ასევე, აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა საკვანძო ფაქტორია მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის, რაც საჭიროა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად,” - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის დეკემბერში ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებაში “ვენის მექანიზმი” გაააქტიურა, რათა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოეხატათ და მეტი ინფორმაცია მოეთხოვათ, თუმცა განცხადებაში აღინიშნება, რომ მას შემდეგ “საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანური მიმართულებით საერთო ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის მხრივ მათი შეშფოთება მხოლოდ გაიზარდა.”
“ვადასტურებთ 2025 წლის განმავლობაში ჩვენს დელეგაციებთან საქართველოს ჩართულობას, კონსტრუქციული მიდგომის სულისკვეთებით ჩვენმა დელეგაციებმა დღეს ოდირის დირექტორს მისწერეს.
ხაზს ვუსვამთ 2024 წლის “ვენის მექანიზმში” დაყენებულ კითხვებზე საქართველოს პასუხს და საქართველოს მოვუწოდებთ, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას, “მოსკოვის დოკუმენტის” მე-6 პარაგრაფის შესაბამისად. ასეთი ჩართულობა კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის კეთილი ნებისა და მზაობის დემონსტრირება იქნება,” - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“, [რომელიც ვენის მექანიზმს ეყრდნობა], 1991 წელს ადამიანური განზომილების კონფერენციის მესამე ეტაპზე მიიღეს. ორივე მექანიზმი ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით არის შექმნილი. მექანიზმი 1990 წელს კოპენჰაგენის დეკლარაციაში განავითარეს.
1991 წელს მოსკოვში გამართულ შეხვედრას მოჰყვა მექანიზმის პირველად გამოყენება საბჭოთა სივრცეში, რის შედეგადაც, მას დაერქვა „მოსკოვის მექანიზმი.“
შექმნის დღიდან „მოსკოვის მექანიზმი“ 15-ჯერ გაააქტიურეს, მათ შორის: 1992 წელს: ევროპის თანამეგობრობის 12 სახელმწიფოსა და აშშ-ის მოთხოვნით, – ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამოქალაქო პირებზე სისასტიკისა და თავდასხმების გამოსაძიებლად.
ბელორუსის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - 14 წევრი ქვეყნის მოთხოვნით; 1999 წელს „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა რუსეთის ფედერაციამ NATO-ს სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ ყოფილ იუგოსლავიაში; ასევე, 2018 წელს 16-მა ქვეყანამ მოითხოვა რუსეთში, კერძოდ კი, ჩეჩნეთში, ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ვითარების გამოსაძიებლად.
მექანიზმი ამოქმედდა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც. ასევე, 2024 წელს: ეუთოს 45 სახელმწიფოს მოთხოვნით, – რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების თვითნებური აღკვეთის გამოსაძიებლად.