საუდის არაბეთი თურქეთში, მზის ელექტროსადგურების მშენებლობაში $2 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო შეთანხმებას, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს და რომელიც თურქეთში მზის ენერგიის პროექტებს მოიცავს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა.


„საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ჩემს საუდელ კოლეგასთან, მის აღმატებულება აბდულაზიზ ბინ სალმან ალ საუდთან ერთად, ხელი მოვაწერეთ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის შორის სამთავრობათაშორის შეთანხმებას განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების პროექტების შესახებ,“ — დაწერა ალფარსლან ბაირაქტარმა თურქულ სოციალურ პლატფორმა NSosyal-ზე.


ბაირაქტარის თქმით, გეგმის მიხედვით, საუდის არაბეთის კომპანიები ქვეყანაში ააშენებენ ელექტროსადგურებს, რომელთა საერთო სიმძლავრე 5 000 მეგავატი იქნება.


პროექტის პირველი ეტაპი ცენტრალურ ანატოლიაში, სივასისა და კარამანის პროვინციებში დაიწყება, სადაც დაგეგმილია 2 000 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობა.


მისივე თქმით, ელექტროენერგიით 2.1 მილიონ ოჯახს უზრუნველყოფენ.


ბაირაქტარმა ასევე აღნიშნა, რომ განიხილეს პროექტები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის სფეროში თანამშრომლობას უფრო გრძელვადიანს გახდის.


„განსაკუთრებით, საუდის არაბეთიდან თურქეთამდე ელექტროგადამცემი ხაზისა და ქსელების ურთიერთდაკავშირების საკითხზე ჩვენი კოლეგები კვლავ დაბრუნდებიან და მუშაობას განაახლებენ. ეს ისეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტია, რომ შესაძლოა, მთელ რეგიონზე იქონიოს გავლენა,“ — აღნიშნა  ბაირაქტარმა.


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერ-რიადში, 3 თებერვალს ჩავიდა.